თამბაქო და პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ავტორობითა და ინიციატივით მიიღო "საქართველოს კანონი "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"  და "საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

"საქართველოს კანონის "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს კანონმდებლობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არ შეესაბამებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებს, რომელთანაც საქართველო რატიფიცირებულია  საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის N2302–რს დადგენილებით. მოქმედი კანონმდებლობით პრაქტიკულად ვერ ხორციელდებოდა მოსახლეობის რეალური დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისაგან. კერძოდ, არასრულყოფილი იყო საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის შეზღუდვის, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის პირობები და ნორმები, ასევე პრაქტიკულად უეფექტო და ბუნდოვანი იყო თამბაქოს შეფუთვის და დიზაინის არსებული ნორმები, თამბაქოს შემცველობის რეგულირების წესები არ შეესაბამებოდა ელემენტარულ საერთაშორისო ნორმებს და ზოგადად კანონმდებლობა ქმნიდა არაპროგნოზირებად გარემოს. კანონის მიღების  მიზანი საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებისა და სიკვდილის შემცირებაა. ამ კანონით რეგულირდება სამართელბრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში.   

კანონი არეგულირებს ასევე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვებს. ძველი რედაქციით რეგულირების მიღმა რჩებოდა სამუშაო ადგილები, მათ შორის, სკოლისგარეშე და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებები. გარდა ამისა დაიხვეწა მოსაწევი ადგილის მახასიათებლები, რაც გაუადვილებს დაწესებულებებს კანონის შესრულებას და მეტად დაიცავს დაწესებულებათა პერსონალს, მომხმარებლებს და სტუმრებს თამბაქოს კვამლისაგან. მისასალმებელია, ის ფაქტი რომ მას-მედიის და/ან ნებისმიერი სხვა საშუალებით აიკრძალა თამბაქოს წევის დემონსტრირება, თუ ეს არ არის შემთხვევითი ჩაწერა და/ან შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი.

კონვენციის მოთხოვნების და ევროპის რეგულირებების გათავლისწინებით აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის თვისებების, საზიანო ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაციის დატანა თამბაქოს ნაწარმზე. მათ შორის ისეთი შეცდომაში შემყვანი წარწერების როგორიცაა "მსუბუქი", "რბილი", "ულტრამსუბუქი" და/ან "დაბალი შემცველობით".

გარდა ამისა, ცვლილებებით განისაზღვრა თამბაქოს კოლოფზე სამედიცინო გაფრთხილებების ნიმუშების დამტკიცების და კოლოფზე მათი დატანის წესი. აღნიშნული გამორიცხავს ინტერპრეტირების და მანიპულირების საშუალებას და ქმნის თანაბარ პირობებს მეწარმეებისათვის, აგრეთვე რეალურს და ეფექტურს ხდის სახელმწიფოს ვალდებულებას მოახდინოს მწეველთა ადექვატური ინფორმირება მწეველობის მავნეობის შესახებ.

დაზუსტდა თამბაქოს შემცველობის ნორმების დადგენის წესი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს.

სამედიცინო დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში კანონის აღსრულების მიმართულებით ხორციელდება ბლუმბერგის ინიციატივა, რომელიც აფინანსებს სპეციალურ პროგრამას.      

გარდა ამისა სამომავლოდ პარლამენტს დაგეგმილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები და აღსრულების მექანიზმების გამარტივება და კანონის სხვა სისუსტეების გაძლიერება.       

ამდენად იმედი გვაქვს, რომ მიღებული კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.



ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის

წამყვანი სპეციალისტი მაია ესებუა



გამოყენებული იქნა   პირველი ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის "თამბაქო ან ჯანმრთელობა" მოხსენებები და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მასალები.
წყარო: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1493&info_id=27920

No comments:

Post a Comment